ბოლო განახლების თარიღი: 01.09.2025
მომსახურების პირობები
წინამდებარე დოკუმენტზე დათანხმებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით შპს”ბრიტანული ცენტრი თბილისი”-ს, ს/კ: 400293632, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა №68ბ, ბინა 1, ფაქტობრივი მისამართი: მ. კოსტავას ქ. N71, ტელეფონის ნომერი: 0322989999; ელექტრონული ფოსტა: info@bc.ge (შემდგომში „შემსრულებელი“ ან „ბრიტანული ცენტრი“), მიერ არასრულწლოვანი ფიზიკური პირისთვის (შემდგომში „მსმენელი“) მომსახურების გაწევის ძირითად პირობებს (შემდგომში „მომსახურების პირობები“) და თქვენ, როგორც მსმენელის კანონიერი წარმომადგენელი (შემდგომში „დამკვეთი“), ეთანხმებით მას. თქვენს მიერ მომსახურების პირობებზე დათანხმებით თქვენსა და ბრიტანულ ცენტრს შორის იდება ხელშეკრულება ქვემოთ მოცემული პირობებით. თქვენი არჩევანის შესაბამისად მსმენელს გაკვეთილები ჩაუტარდება დისტანციურად (ონლაინ) ან ბრიტანული ცენტრის ტერიტორიაზე (ოფლაინ) და თქვენზე გავრცელდება ონლაინ ან ოფლაინ მსენელისთვის ქვემოთ მითითებული შესაბამისი წესები.
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად შემსრულებელი Super Minds-ის მეთოდით ჩაუტარებს მსმენელს ინგლისური ენის გაკვეთილებს (შემდგომში „მომსახურება“), ხოლო დამკვეთი აანაზღაურებს შეთანხმებულ მომსახურების საფასურს.
1.2. მსმენელისა და დამკვეთის პირადი მონაცემები განთავსებულია განაცხადში, რომელსაც დამკვეთი ავსებს შემსრულებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ სპეციალურ სარეგისტრაციო გვერდზე და რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია.
2. მხარეთა ვალდებულებები
2.1. შემსრულებელი ვალდებულია:
2.1.1. მსმენელთან გასაუბრების შედეგების მიხედვით ჩარიცხოს მსმენელი შესაბამის სასწავლო ჯგუფში და მომსახურების მისაღებად შეუქმნას მას ოპტიმალური პირობები. ამასთან, თითოეულ სასწავლო ჯგუფში ჩარიცხულ პირთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს 4 (ოთხი) მსმენელზე ნაკლები და 10 (ათი) მსმენელზე მეტი ოფლაინ გაკვეთილების შემთხვევაში, ხოლო 8 მსმენელზე მეტი ონლაინ გაკვეთილების შემთხვევაში;
2.1.2. მსმენელის შესაბამის სასწავლო ჯგუფში ჩარიცხვასთან ერთად, შემსრულებელმა მსმენელს გაუხსნას მისი პირადი პროფილი სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე და მიანიჭოს მას უნიკალური მომხმარებლის სახელი და კოდი, რომლითაც მსმენელი შეძლებს აღნიშნულ ონლაინ პლატფორმაზე შექმნილ მის პირად პროფილზე შესვლას;
2.1.3. შეურჩიოს მსმენელს მისთვის მაქსიმალურად სასურველი სასწავლო გრაფიკი; ამასთან, სრული სასწავლო კურსი შედგება 7 (შვიდი) დონისაგან, თითოეული საფეხურის სასწავლო გრაფიკს ადგენს შემსრულებელი;
2.1.4. დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებზე დათანხმებისა და სასწავლო გრაფიკის შედგენის შემდეგ მსმენელს ჩაუტაროს 6 (ექვსი) საცდელი გაკვეთილი (6 (ექვსი) აკადემიური საათი). როგორც ბრიტანული ცენტრის ფილიალებში, ასევე დისტანციური გაკვეთილები ტარდება ჯგუფურად, კვირაში სამჯერ. თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 (ორი) აკადემიური საათია;
2.1.5. სასწავლო კურსის თითოეული დონის დასრულების შემდეგ ჩაუტაროს მსმენელს დონის შემაჯამებელი ტესტირება (ტესტირების შედეგები წარმოადგენს მხოლოდ მსმენელის ცოდნის დონის შეფასების საშუალებას და იგი გავლენას არ ახდენს მსმენელის მომდევნო დონეზე გადაყვანის პროცესზე);
2.1.6. მსმენელის მიერ სასწავლო კურსის მე-5 და მე-7 დონის დასრულების შემდგომ უზრუნველყოს მსმენელის მიერ შესაბამისი სერტიფიკატის მიღება. ამასთან, მე-5 დონის დასრულების შემთხვევაში შემსრულებელი უზრუნველყოფს მსმენელის მიერ CEFR A1 დონის შესაბამისი სერტიფიკატის მიღებას, ხოლო მე-7 დონის დასრულების შემთხვევაში CEFR A2 დონის შესაბამისი სერტიფიკატის მიღებას;
2.1.7. მიიღოს და განიხილოს მსმენელის საჩივრები;
2.1.8. უზრუნველყოს მსმენელი სასწავლო პროგრამით განსაზღვრული ლიტერატურით/სახელმძღვანელოებით.
2.2. დამკვეთი ვალდებულია:
2.2.1. სრულად აანაზღაუროს მომსახურების საფასური (მათ შორის საცდელი გაკვეთილების) ხე¬ლშე-კრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
2.2.2. ხელი არ შეუშალოს შემსრულებლის მიერ მომსახურების გაწევის პროცესს, უზრუნველყოს, რომ მსმენელმა არასაპატიო მიზეზით არ გააცდინოს ან/და დააგვიანოს გაკვეთილებზე, ხოლო ოფლაინ გაკვეთილების შემთხვევაში დამატებით შემსრულებლის მიერ მომსახურების მიწოდების ტერიტორიაზე დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარული და ეთიკის ნორმები, არ გამოცხადდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ალკოჰოლური და/ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.
2.2.3. დამკვეთი ვალდებულია შეცვალოს მსმენელისთვის შემსრულებლის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელსაც იგი იყენებს სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე შექმნილ მის პირად პროფილზე შესასვლელად. კოდის ცვლილება დამკვეთმა უნდა განახორციელოს მისთვის კოდის გადაცემიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, დამკვეთი ვალდებულია გაუფრთხილდეს მისთვის მინიჭებულ მომხმარებელსა და კოდს და არ გაუმხილოს იგი მესამე პირს. მსმენელის ან დამკვეთის მიერ მომხმარებლისა და კოდის მესამე პირისთვის გამხელით მისთვის მიყენებულ ზიანზე შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი.
3. მხარეთა უფლებები
3.1. შემსრულებელი უფლებამოსილია:
3.1.1. ხელშეკრულების 1.1 პუნქტით განსაზღვრული გაკვეთილები მსმენელს ჩაუტაროს მის მიერ განსაზღვრულ მომსახურების მიწოდების ადგილას ოფლაინ გაკვეთილების შემთხვევაში ან/და დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (მათ შორის, სპეციალური ონლაინ პლატფორმის მეშვეობით). გაკვეთილების ჩატარების გზას შემსრულებელი წინასწარ ათანხმებს დამკვეთთან. ამასთან, შემსრულებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს გაკვეთილების ჩატარების დამკვეთთან შეთანხმებული ადგილი ოფლაინ სწავლების შემთხვევაში ან ტექნიკური საშუალებები/პროგრამები ონლაინ სწავლების შემთხვევაში;
3.1.2. საჭიროებისამებრ გააუქმოს ან შეაჩეროს სასწავლო ჯგუფები;
3.1.3. მომსახურებაში ჩათვალოს მსმენელის მიერ გაცდენილი სასწავლო საათები და არ ჩაუტაროს მსმენელს დამატებითი გაკვეთილები გაცდენილი გაკვეთილების სანაცვლოდ;
3.1.4. სასწავლო პროცესის მიმდინარეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეცვალოს ჯგუფის მასწავლებელი.
3.2. დამკვეთი უფლებამოსილია:
3.2.1. მოსთხოვოს შემსრულებელს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება;
3.2.2. მიმართოს შემსრულებელს მომსახურებაში ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში და მოითხოვოს მათი აღმოფხვრა;
3.2.3. მიიღოს მომსახურება შეთანხმებული გრაფიკით – კალენდარულ კვირაში 6 აკადემიური საათი, რომელიც შეიძლება დაემთხვეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეებს;
3.2.4. სასწავლო კურსის მე-5 და მე-7 საფეხურების შემაჯამებელი ტესტირებების წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღოს წინამდებარე ხელშეკრულების 2.1.6 ქვეპუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატები;
3.2.5. შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში მოითხოვოს შემსრულებლისგან სასწავლო გრაფიკის ან სასწავლო ჯგუფის შეცვლა.
4. მომსახურების საფასური/ანგარიშსწორება
4.1. მომსახურების საფასური ანგარიშდება კალენდარული თვის მდგომარეობით (საცდელი გაკვეთილების ჩათვლით) და Super Minds-ის კურსზე ონლაინ სწავლის ყოველთვიური საფასური შეადგენს 310 ლარს, ხოლო ფილიალში სწავლის საფასური არის 350 ლარი, მეცადინეობები მიმდინარეობს კვირაში 3-ჯერ, 2-2 საათი.
4.2. მომსახურების საფასურის გადახდის ვადის ათვლა იწყება პირველი საცდელი გაკვეთილის ჩატარების დღიდან. ამასთან, მომსახურების საფასური მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა სახის გადასახადსა და გადასახდელს.
4.3. მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების გზით, წინასწარ, ყოველი საანგარიშო თვის დასაწყისში. ამასთან, უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების საფასურის შემსრულებლის მიერ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. წინასწარ მომსახურების საფასურის გადახდისგან გამონაკლისია სწავლების პირველი თვე, როდესაც მომსახურების საფასურის გადახდა შეიძლება მოხდეს საცდელი გაკვეთილების გავლის შემდეგ.
4.4. ხელშეკრულების 8.2.2 პუნქტის საფუძველზე ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დამკვეთი არ იხდის მსმენელისთვის ჩატარებული საცდელი გაკვეთილების საფასურს.
4.5. მომსახურების ღირებულებაში შედის სასწავლო ლიტერატურა/სახელმძღვანელოები, ამასთან, შემსრულებელს სასწავლო ლიტერატურა/სახელმძღვანელოები მიეწოდება ერთჯერადად და ეტაპობრივად, მის მიერ შესაბამისი სასწავლო საფეხურის გავლის შესაბამისად. დამკვეთისთვის სახელმძღვანელოს ხელმეორედ გაცემის აუცილებლობის შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს მასზე ხელმეორედ გაცემული სახელმძღვანელოს ღირებულება.
4.6. მომსახურების ღირებულებაში არ შედის მსმენელზე გასაცემი სერტიფიკატების ღირებულება. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, თითოეული სერტიფიკატის ღირებულება შეადგენს 20 (ოცი) ლარს, რომლის გადახდის ვალდებულებაც ეკისრება დამკკვეთს.
4.7. თუ ის გარემოებები, რომლებიც მომსახურების საფასურის განსაზღვრის საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ/ხელს მოაწერდნენ ხელშეკრულებას ან დადებდნენ/ხელს მოაწერდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, შემსრულებელი უფლებამოსილია მოახდინოს ხელშეკრულების (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად მომსახურების საფასურის) მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. მომსახურების საფასურის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და ახალი ფასის გაანგარიშებისას მხედველობაში მიღებული იქნება შეცვლილი გარემოებების ზეგავლენის დონე მომსახურების საფასურზე, ქვეყანაში დაფიქსირებული ინფლაციის დონე, სამომხმარებლო ფასების და სამეწარმეო აქტიურობის ინდექსები და სხვა ფაქტორები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემსრულებელი უფლებამოსილია დამკვეთისთვის გაგზავნილი წინასწარი შეტყობინების საფუძველზე მოახდინოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან (მათ შორის და არამხოლოდ, მოახდინოს მომსახურების საფასურის ცვლილება). დამკვეთს აქვს უფლება უარი თქვას შეცვლილი პირობებით მომსახურების მიღებაზე და შეწყვიტოს ხელშეკრულება.
4.8. მსმენელის ოჯახის წევრებისთვის მოქმედებს 10%-იანი მუდმივი ფასდაკლება, ხოლო სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ 20%-იანი ფასდაკლებით.
4.9. რამდენიმე თვიანი კურსის ერთიანად შეძენის შემთხვევაში, მოქმედებს მუდმივი ფასდაკლება – ყველა კურსზე, კერძოდ: 3 თვიანი კურსის შეძენის შემთხვევაში მსმენელი ისარგებლებს – 10%-იანი ფასდაკლებით, 6 თვიანი კურსის შეძენის შემთხვევაში – 15%-იანი, ხოლო 12 თვიანი კურსის შეძენის შემთხვევაში 20%-იანი ფასდაკლებით.
4.10. დროდადრო, გარდა ზემოთ მითითებულისა, შემსრულებელმა შეიძლება გამოაცხადოს სპეციალური შეთავაზებები/ფასდაკლებები. ასეთი შეთავაზების შესახებ დამკვეთს ეცნობება ელექტრონული შეტყობინებების საშუალებით (მათ შორის SMS, WhatsApp, Viber ან მსგავსი საშუალებებით). საჭირო არ არის დამკვეთსა და შემსრულებელს შორის დამატებითი შეთანხმების გაფორმება იმისთვის, რომ დამკვეთმა ისარგებლოს ასეთი დამატებითი შეთავაზებით. არ შეიძლება დამატებითი შეთავაზებით სარგებლობამ დამკვეთს დააკისროს მეტი თანხის გადახდა, ვიდრე გათვალისწინებულია, არამედ ის უნდა იყოს დამკვეთის სასარგებლოდ გამოყენებული.
4.11. ფასდაკლებების დაჯამება არ ხდება და თუ ერთი მსმენელი ფასდაკლების რამოდენიმე კატეგორიას აკმაყოფილებს, დამკვეთი ირჩევს, რომელი ფასდაკლება გავრცელდეს მასზე.
5. მხარეთა პასუხისმგებლობა და ფორს–მაჟორი
5.1. დამკვეთი ვალდებულია, რომ მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების (მათ შორის, მომსახურების საფასურის გადახდის) დარღვევისათვის გადაუხადოს შემსრულებელს პირგასამტეხლო თითოეული შესაბამისი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (სრული ან არასრული) მომსახურების ყოველთვიური საფასურის 0.5%-ის ოდენობით.
5.2. მხარეები ვალდებულები არიან აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან (მათ შორის, მომსახურების ღირებულების გადახდისაგან).
5.3. ნებისმიერი მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადო შესრულება არ წარმოშობს მეორე მხარისთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას და არ იქნება მიჩნეული ამ ხელშეკრულების დარღვევად, თუ შეუსრულებლობა ან არასათანადო შესრულება გამოწვეულია ფორს–მაჟორული გარემოებებით, რისი მხარეთა მიერ წინასწარ გათვალისწინება ან თავიდან აცილება შეუძლებელია. ასეთი განსაკუთრებული პირობები მოიცავს: წყალდიდობას, ხანძარს, მიწისძვრას და სხვა ბუნებრივ მოვლენებს, ისევე, როგორც ომს, სამხედრო ოპერაციებს, გაფიცვებს, სახელმწიფოს მიერ მიღებულ აქტებს (მათ შორის და არამხოლოდ პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს) და სხვა გარემოებებს, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და რომლებზეც მხარეებს გავლენა არ აქვთ. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, ფორს-მაჟორული გარემოებები არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან, მას შემდეგ რაც ფორს-მაჟორული გარემოებები დასრულდება.
6. კომუნიკაცია მხარეთა შორის
6.1. მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. მხარისათვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის ან საფოსტო გზავნილის საშუალებით. ოპერატიულობის მიზნით და ქვემოთ მოცემული დებულებების გათვალისწინებით, დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება ელექტრონული ფოსტის, SMS-ის ან ელექტრონული საკომუნიკაციო აპლიკაციების მეშვეობით (WhatsApp, Viber, ა.შ.), იმ პირობით, რომ მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარედგინება შეტყობინება წერილობითი ფორმითაც.
6.2. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს, თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ ან ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით. ელექტრონული ფოსტის, SMS-ის ან ელექტრონული საკომუნიკაციო აპლიკაციების მეშვეობით შეტყობინება მიღებულად ითვლება მისი გაგზავნიდან მეორე სამუშაო დღეს იმის მიუხედავად ადრესატმა დაადასტურა თუ არა გზავნილის მიღება.
6.3. მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართებზე/საკონტაქტო მონაცემებზე (ან სხვა ნებისმიერ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით). მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გაგზავნილად.
7. პრეტენზიები და დავები
7.1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრეტენზიები მხარეებმა შეიძლება ერთმანეთს წაუყენონ წერილობით ან/და ზეპირად. პრეტენზიის მიმღები მხარე ვალდებულია პრეტენზიის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს წამოყენებული პრეტენზია, ან წერილობით ან/და ზეპირად აცნობოს მეორე მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7.2. ხელშეკრულების ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა წყდება მოლაპარაკებით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ბრიტანული ცენტრის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მსმენელის შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების ადგილად ითვლება შესაბამისი ფილიალის მისამართი, ხოლო დისტანციური სწავლების შემთხვევაში თბილისი, პავლე ასლანიდის 19/21.
7.3. მსმენელს უფლება აქვს შემსრულებლის ქმედებები გაასაჩივროს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, რაც მას არ ართმევს უფლებას, რომ მიმართოს სასამართლოსაც.
8. ხელშეკრულების მოქმედება და შეწყვეტა
8.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და თუკი სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული ხელშეკრულების დანართით, მოქმედებს სასწავლო წლის ბოლომდე.
8.2. ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და პირობებით შესაძლებელია მომსახურების/ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა:
8.2.1. ავტომატურად სასწავლო წლის ბოლოს. სასწავლო წლად მიიჩნევა პერიოდი 01.09.2025-დან 31.07.2026-მდე. იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო პროგრამა გაგრძელდა აგვისტოში, წინამდებარე ხელშეკრულება ითვლება ერთი თვით ავტომატურად გაგრძელებულად.
8.2.2. დამკვეთის მიერ, თუ შემსრულებლის მიერ ჩატარებული საცდელი გაკვეთილების დასრულების შედეგად დამკვეთი გადაწყვეტს ხელშეკრულების შეწყვეტას და აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს შემსრულებელს. ამასთან, წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული მიზეზით ხელშეკრულების ავტომატურ შეწყვეტად ჩაითვლება მსმენელის გამოუცხადებლობა გრაფიკით განსაზღვრულ მეშვიდე გაკვეთილზე (რომელიც ამავდროულად წარმოადგენს საცდელი გაკვეთილების დასრულების შემდგომ ჩასატარებელ პირველ გაკვეთილს);
8.2.3. დამკვეთის მიერ, ნებისმიერ დროს, შემსრულებლისთვის გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე;
8.2.4. შემსრულებლის მიერ, დაუყოვნებლივ, თუკი მსმენელი დაარღვევს ხელშეკრულების 2.2.2 ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებას;
8.2.5. შემსრულებლის მიერ, დაუყოვნებლივ, თუკი მსმენელი გააცდენს შემსრულებლის მიერ დადგენილი გრაფიკით განსაზღვრულ ზედიზედ 5 (ხუთი) გაკვეთილს;
8.2.6. შემსრულებლის მიერ დაუყოვნებლივ, დამკვეთისთვის გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, თუკი დამკვეთი დაარღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებას (მათ შორის მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებას) და გადააცილებს თანხის გადახდას 5 (ხუთი) დღის ვადით;
8.2.7. შემსრულებლის მიერ დაუყოვნებლივ, თუკი შემსრულებელი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე შეუძლებლად მიიჩნევს დამკვეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას;
8.2.8. მხარეთა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე;
8.2.9. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
8.3. ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულებით ნაკისრი ან/და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (გადახდისაგან) ამგვარი ვალდებულების იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე.
9. ცვლილებები და დამატებები
9.1. ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაიშვება:
9.1.1. წერილობითი ფორმით მხარეთა შეთანხმებით;
9.1.2. შემსრულებლის მიერ ცალმხრივად, ხელშეკრულების/მომსახურების პირობების შეცვლილი ვარიანტის ვებგვერდზე განთავსებისა და მსმენელისთვის ელექტრონულ ფოსტაზე შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების გზით.
10. სხვა პირობები
10.1. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
10.2. ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება მხარეს მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევის შედეგად, კრებითია და დაემატება ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.
10.3. ერთ-ერთი მხარის მხრიდან ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.
10.4. ხელშეკრულების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მისი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
10.5. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების დებულებ(ებ)ის არსებობა/არარსებობასთან, მათ შინაარსთან, განმარტებასთან ან/და განხორციელებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ხელშეკრულების იმ ვერსიას, რომელიც შემსრულებლის ვებგვერდზე იყო განთავსებული მსმენელის მიერ მასზე თახმობის მითითებისას.
10.6. ხელშეკრულება განიმარტება და რეგულირდება კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.